გააზიარე:

Model UK Parliament პროექტი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში

საქართველოში პირველად Model UK Parliament გაიმართა

27–29 ივნისს ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ უმასპინძლა საქართველოში პირველად გამართულ Model UK Parliament- – ბრიტანეთის პარლამენტის მოდელირების სამდღიან საგანმანათლებლო პროექტს, რომელშიც მონაწილეობა 30-მდე საჯარო და კერძო სკოლის 90-მდე მოსწავლემ მიიღო.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა ბრიტანეთის პარლამენტის წევრების როლი მოირგეს, იმუშავეს ხუთ პარტიასა და სამ კომიტეტში, წარადგინეს ინიციატივები, ჩაერთნენ დებატებში და ინგლისურ ენაზე იმსჯელეს აქტუალურ პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე.

Model UK Parliament-ის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული, საერთაშორისო ფორმატის გამოცდილების და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებდნენ საჯარო გამოსვლის, არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.

ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ ბრიტანეთის პარლამენტის მოდელირება საქართველოში პირველად ჩატარდა. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, თბილისში გაეროს მოდელირებისა და მსგავსი ფორმატის არაფორმალური განათლების პროექტები უკვე პოპულარულია, თუმცა Model UK Parliament მონაწილეებს განსხვავებულ საგანმანათლებლო გამოცდილებას სთავაზობს ბრიტანული საპარლამენტო კულტურისა და დემოკრატიული პროცესების უკეთ გასაცნობად.

პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბრიტანულ-ქართული აკადემიის მე-11 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ტაბატაძე, ამბობს, რომ იდეაზე მუშაობა დეკემბერში დაიწყო და საორგანიზაციო პროცესი დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდა. მისი შეფასებით, პროექტმა როგორც ორგანიზატორებს, ისე მონაწილეებს მნიშვნელოვანი გამოცდილება მისცა.

„ჩვენ ამ პროექტს დეკემბრიდან ვგეგმავდით და საბოლოოდ, ჩემი აზრით, ძალიან კარგ შედეგამდე მივედით. პროექტში იყო ხუთი პარტია და სამი კომიტეტი, რომლებშიც ოთხმოცდაათამდე მონაწილე იყო გადანაწილებული. მონაწილეებისგან მიღებული უკუკავშირი ძირითადად ძალიან პოზიტიური იყო,“ – აღნიშნა ნიკოლოზ ტაბატაძემ.

ნიკოლოზის თქმით, ეს მის მიერ წამოწყებული პირველი ამ მასშტაბის პროექტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორის როლში გარკვეული გამოცდილება მანამდეც ჰქონდა, Model UK Parliament-ის მასშტაბი და მნიშვნელობა მისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა.

პროექტის კიდევ ერთი ორგანიზატორი, ბრიტანულ-ქართული აკადემიის მე-12 კლასის მოსწავლე საბა ქვლივიძე, აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმატის ღონისძიებაში ორგანიზატორის როლში მონაწილეობა მისთვის პირველი გამოცდილება იყო. მისი თქმით, პროექტმა მას ბევრი მნიშვნელოვანი უნარი განუვითარა და იმედი აქვს, რომ Model UK Parliament მომავალ წელსაც ჩატარდება.

„ეს ღონისძიება ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო, რადგან პირველად ვიყავი ორგანიზატორის როლში მსგავს პროექტში. ეს იყო პირველი ბრიტანეთის პარლამენტის მოდელირება, რომელიც საქართველოში ჩატარდა. ამ პროექტმა ძალიან ბევრი რამ მომცა, ვისწავლე გუნდური მუშაობა და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი. იმედი მაქვს, რომ შემდეგ წელსაც ეს პროექტი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ჩატარდება,“ – განაცხადა საბა ქვლივიძემ.

საბას შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მონაწილეების აქტიურობა და სერიოზული დამოკიდებულება. პროექტში ჩართული იყვნენ როგორც გამოცდილი, ისე ახალი მონაწილეები, რამაც კონფერენცია მრავალფეროვანი და დინამიკური გახადა.

მონაწილეებისთვის Model UK Parliament მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო გამოცდილება აღმოჩნდა. ნინო კალანდარიშვილი, მეექვსე საავტორო სკოლიდან, რომელიც პროექტში Scottish National Party-ის, SNP-ის წარმომადგენელი იყო, ამბობს, რომ კონფერენციამ მას დებატების, კომუნიკაციის, ჯგუფური მუშაობისა და კანონპროექტებზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება მისცა.

„ნამდვილად ძალიან კარგი გამოცდილება იყო. განვივითარეთ სხვადასხვა უნარი – დებატები, ჯგუფური მუშაობა, კომუნიკაცია, კანონების შედგენა, ინფორმაციის მოძიება და სხვა. გარემოც არაჩვეულებრივი იყო და ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს,“ – აღნიშნა ნინო კალანდარიშვილმა.

ნინოსთვის ეს მსგავსი ფორმატის ღონისძიებაში მონაწილეობის პირველი გამოცდილება იყო. მისი თქმით, განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა პროცესის ინგლისურ ენაზე წარმართვა, რადგან მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, უცხოენოვან გარემოში ემსჯელათ, დაეცვათ საკუთარი პოზიციები და უკეთ გაცნობოდნენ საერთაშორისო დებატების კულტურას.

პროექტში მონაწილეობდა დიმიტრი სებუაც, 189-ე საჯარო სკოლის, კომაროვის სკოლის მოსწავლე, რომელიც Foreign Affairs კომიტეტში იყო ჩართული და Labour Party-ს წარმოადგენდა. მისი თქმით, Model UK Parliament მისთვის პირველი გამოცდილება იყო საპარლამენტო ფორმატის დებატებსა და პოლიტიკურ აქტივობაში.

„თავიდან, როცა აპლიკაციას ვავსებდი, ვფიქრობდი, რომ პარლამენტის შეხვედრებსა და მსგავს პოლიტიკურ აქტივობებში არასდროს მიმიღია მონაწილეობა და ეს ჩემთვის პირველი გამოცდილება იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ დღეს ბევრი რამ არ ვიცოდი, სიტუაციას კარგად ვადაპტირდი, ახალი რაღაცები შევისწავლე და წარმატებასაც მივაღწიე,“ – აღნიშნა დიმიტრი სებუამ.

დიმიტრის შეფასებით, პროექტის გამორჩეული მხარე არა მხოლოდ დებატები და საპარლამენტო ფორმატი იყო, არამედ ის სოციალური და ანალიტიკური უნარებიც, რომლებიც მონაწილეებს სამდღიანი მუშაობის პროცესში უვითარდებოდათ. მისი თქმით, დღეების განმავლობაში მონაწილეები უკეთ იცნობდნენ ერთმანეთს, აკვირდებოდნენ ერთმანეთის პოზიციებს, ინტერესებსა და ქცევას, რაც კომპრომისის, მოლაპარაკებისა და ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი უნარია ცხოვრებაში, რომ ადამიანი გააანალიზო, მიხვდე, რა უნდა მას, რა კომპრომისებზე შეიძლება წახვიდე, რა დათმო და როგორ შეიძლება სთხოვო ხალხს სხვა რამ,“ – აღნიშნა დიმიტრი სებუამ.

Model UK Parliament-მა აჩვენა, რომ საქართველოში ახალგაზრდებს შორის მაღალია ინტერესი დებატების, საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო პოლიტიკისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ. პირველმა კონფერენციამ შექმნა მნიშვნელოვანი საფუძველი იმისთვის, რომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდეს, კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს და მეტი ახალგაზრდა გააერთიანოს.

პროექტის წარმატებით განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა იმ მხარდამჭერი კომპანიების გარეშე, რომლებმაც ახალგაზრდების საგანმანათლებლო ინიციატივას ნდობა გამოუცხადეს. ღონისძიების სპონსორები იყვნენ: ბიბლუსი, IT Step Academy, Shavdia, Piel Naturals, Zellatos, Frixx და ნატახტარი. ბრიტანულ-ქართული აკადემია და Model UK Parliament-ის საორგანიზაციო გუნდი განსაკუთრებულ მადლობას უხდიან თითოეულ სპონსორს მხარდაჭერისთვის, ჩართულობისთვის და ახალგაზრდების განვითარების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით ღირებულია, რადგან მსგავსი პროექტები მოსწავლეებს აძლევს პრაქტიკულ გამოცდილებას, ავითარებს მათ მოქალაქეობრივ ცნობიერებას და ხელს უწყობს მომავალი ლიდერების ფორმირებას.