ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA) საერთაშორისო სკოლების საბჭოს (Council of International Schools — CIS) ოფიციალური წევრი გახდა. ამ ნაბიჯით ჩვენი სკოლა შეუერთდა გლობალურ პროფესიულ საზოგადოებას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1,600-ზე მეტ წამყვან სკოლასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს.
ჩვენთვის CIS-ის წევრობა უკვე დამკვიდრებული მაღალი საგანმანათლებლო სტანდარტების საერთაშორისო აღიარება და, ამავდროულად, განვითარების ახალი ეტაპია. ეს სტატუსი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავაძლიეროთ სასკოლო პრაქტიკა, გავიზიაროთ მოწინავე გლობალური გამოცდილება და საკუთარი წვლილიც შევიტანოთ საერთაშორისო საგანმანათლებლო საზოგადოების განვითარებაში.
რას გულისხმობს CIS-ის წევრობის პროცესი
CIS Member School-ის სტატუსი ავტომატურად არ გაიცემა. მას წინ უძღვის კომპლექსური, სტრუქტურირებული შეფასების პროცესი, რომლის დროსაც სიღრმისეულად ფასდება სკოლის მისია, ღირებულებები, მართვისა და ეთიკური პრაქტიკის სისტემები, მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის (Safeguarding) მექანიზმები, სწავლა-სწავლების ხარისხი და სასკოლო საზოგადოების ჩართულობა.
როგორც CIS-ის ოპერაციული დირექტორი, კიმ ჩენზაკი (Kim Czenszak) აღნიშნავს, ორგანიზაციის უმთავრესი მიზანი საერთაშორისო განათლების განვითარება და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მომავალი ლიდერების ჩამოყალიბებაა:
„პროფესიული განვითარების, საერთაშორისო ქსელების, აკრედიტაციისა და საგანმანათლებლო სფეროში თანამედროვე მიდგომების დანერგვის გზით, ჩვენ ვეხმარებით სკოლებსა და განათლების პროფესიონალებს საკუთარი პრაქტიკის გაძლიერებაში და მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან ვაკავშირებთ. ბრიტანულ-ქართული აკადემიის მიერ CIS-ის წევრობის მოპოვება ნათლად აჩვენებს სკოლის მზაობას, შექმნას მხარდამჭერი, საერთაშორისო აზროვნებაზე დაფუძნებული გარემო და აქტიურად ითანამშრომლოს გლობალურ საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან“.
აკადემიის გზა და შიდასასკოლო სამუშაო
ბრიტანულ-ქართული აკადემია წლებია წარმატებით ოპერირებს საერთაშორისო საგანმანათლებლო ჩარჩოებში — სკოლა უკვე არის COBIS-ის (Council of British International Schools), IB World School-ისა და Cambridge International School-ის წევრი. შესაბამისად, CIS-ში გაწევრიანება ჩვენი გუნდის მრავალწლიანი, სისტემური მუშაობის ლოგიკური გაგრძელება გახდა.
პროცესს აკადემიაში IB პროგრამის ხელმძღვანელი და CIS Membership-ის პროექტის ლიდი, მარტინ კეონი (Martin Keon) უძღვებოდა. სამუშაო ჯგუფში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სკოლის ლიდერები, მასწავლებლები და ადმინისტრაციული გუნდი, ხოლო შეფასების პროცესში გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ხმა და გამოცდილება.
„CIS-ში გაწევრიანება სცდება სტანდარტულ ადმინისტრაციულ განაცხადს. ეს არის მრავალმხრივი და სიღრმისეული პროცესი, რომელიც მოითხოვს მთელი სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობას და საკუთარი საქმიანობის კრიტიკულ, გააზრებულ შეფასებას“, — აღნიშნავს მარტინ კეონი.
ჩატარებულმა სამუშაომ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ბრიტანულ-ქართული აკადემიის ძლიერი მხარეები:
-
მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის (Safeguarding) მყარი, გამართული სისტემა და უსაფრთხო დასაქმების პრაქტიკა;
-
მხარდამჭერი გარემო, რომელიც მოსწავლეებს საკუთარი ინტერესებისა და პოტენციალის აღმოჩენაში ეხმარება;
-
ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობისა და გლობალური მოქალაქეობის კულტურის განვითარება.
ამავდროულად, დაისახა მომავალი განვითარების პრიორიტეტებიც — მათ შორის, სკოლის ფუნდამენტური ღირებულებების (პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მედეგობა) კიდევ უფრო მჭიდრო და თანმიმდევრული ინტეგრაცია ყველა საფეხურის სასწავლო პროგრამასა და ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში.
სტრატეგიული ხედვა და ორმხრივი თანამშრომლობა
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორის, სალომე დანელიას თქმით, CIS-ის წევრობა სრულ თანხვედრაშია აკადემიის ფართო სტრატეგიულ მიზანთან — შექმნას სკოლამდელი და სასკოლო განათლების ერთიანი, უწყვეტი ეკოსისტემა, სადაც ბავშვის განვითარება პირველივე ნაბიჯებიდან სკოლის დასრულებამდე ერთიან პროცესად განიხილება.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საკუთარი პრაქტიკის რეგულარული შეფასება, მისი შედარება წამყვან საერთაშორისო გამოცდილებასთან და იმ მიმართულებების განსაზღვრა, სადაც კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია გაძლიერება. საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარი ღირებულება სწორედ მის ორმხრივობაშია: ჩვენ ვსწავლობთ გლობალური ინსტიტუტების გამოცდილებიდან და, ამავე დროს, მზად ვართ, ჩვენი მრავალწლიანი წარმატებული პრაქტიკა სხვა კოლეგებსაც გავუზიაროთ“, — ამბობს სალომე დანელია.
ჩვენს აკადემიაში განათლების ხარისხი მხოლოდ აკადემიური მიღწევებით არ იზომება. იგი თანაბრად მოიცავს უსაფრთხო გარემოს, ასაკობრივ თავისებურებებზე მორგებულ სწავლებას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებასა და სოციალურ-ემოციური განვითარების მხარდაჭერას.
რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის წევრობა ჩვენი მოსწავლეებისა და ოჯახებისთვის
CIS-ის წევრობა კონკრეტულ, პრაქტიკულ სარგებელს სთავაზობს მთელ სასკოლო საზოგადოებას:
-
მოსწავლეებისთვის: იხსნება წვდომა CIS-ის უნივერსიტეტებისა და კოლეჯების გლობალურ ქსელზე, რომელიც 80-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ჩვენი საუნივერსიტეტო მრჩევლები (University Counsellors) ამ კავშირებს მოსწავლეთა სასარგებლოდ იყენებენ, რაც დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს უმაღლესი განათლების დაგეგმვასა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
-
მასწავლებლებისა და გუნდისთვის: აკადემიის პედაგოგებს, ხელმძღვანელებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს წვდომა ეხსნებათ საერთაშორისო პროფესიულ ფორუმებზე, კვლევაზე დაფუძნებულ რესურსებსა და სპეციალიზებულ ტრენინგებზე სწავლა-სწავლების, ლიდერობისა და მოსწავლეთა კეთილდღეობის მიმართულებით.
-
მშობლებისთვის: ეს არის დამატებითი გარანტია, რომ სკოლა მუდმივად ნერგავს თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს, სისტემურად აანალიზებს საკუთარ პროცესებს და ზრუნავს თანამშრომელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.
მომავლის პერსპექტივა
მომდევნო ეტაპზე ბრიტანულ-ქართული აკადემია აქტიურად ჩაერთვება CIS-ის საერთაშორისო პროგრამებსა და ღონისძიებებში, გააღრმავებს პარტნიორობას უცხოურ სკოლებთან და გააფართოებს საუნივერსიტეტო კავშირებს. სამომავლოდ აკადემია რეგიონული და საერთაშორისო პროფესიული შეხვედრების მასპინძლობასაც განიხილავს.
CIS Membership ჩვენთვის ნიშნავს არჩევანს, რომ განათლების ხარისხი განვიხილოთ არა როგორც ერთხელ მიღწეული შედეგი, არამედ როგორც მუდმივი პასუხისმგებლობა ჩვენი მოსწავლეებისა და მათი მომავლის წინაშე.