ბრიტანულ-ქართული აკადემიის IB DP პროგრამის მე-12 კლასის ფსიქოლოგიის სტუდენტები 2023 წლის 4 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, დაჭრილ-დაზარალებული ჯარისკაცების ფსიქოლოგიურ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამის (DP) ფარგლებში, გაიარეს ფსიქოლოგიის კურსი, კერძოდ კლინიკური ფსიქოლოგია, რომლის მთავარ მიმართულებასაც პოსტტრავმული აშლილობა (PTSD), მისი ბიოლოგიური და კოგნიტური გამომწვევი მიზეზები და მედიკამენტოზური თუ თერაპიული მკურნალობის გზები წარმოადგენს.
გასვლითი ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები შეხვდნენ საქართველოს ძალოვან სტრუქტურაში მოღვაწე პირებს, როგორც დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე, მათთან და მათი ოჯახის წევრებთან მომუშავე ფსიქოლოგებს და გაეცნენ სამსახურის სპეციფიკას ჯარისკაცების დახმარების კუთხით. მათ მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია პროფესიონალი ფსიქოლოგებისაგან, დაუსვეს კითხვები, პოსტტრავმატულ აშლილობასთან დაკავშირებული კლინიკური ფსიქოლოგიის საკითხებზე უფრო ღრმა ცოდნის მისაღებად.