სტუდენტური კონფერენცია Global Political Challenges
ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ 27-28 მაისს სტუდენტურ კონფერენციას, Global Political Challenges 2024-ს უმასპინძლა.
კონფერენცია არაჩვეულებრივი შესაძლებლობა აღმოჩნდა საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის სტუდენტებისათვის, ერთად ემსჯელათ იმ გლობალურ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც მსოფლიო დგას. წელს კონფერენციის მთავარი თემები გარემოსდაცვითი საკითხები და სიღარიბე იყო.
გაიმართა ასევე დებატების ორი სესია: “არის თუ არა სიღარიბე მთავარი ბარიერი მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის”, “არის თუ არა ატომური ენერგია გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის გზა”. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და New School-ის გუნდები.
ორდღიანი კონფერენციის განმავლობაში სტუმრები საინტერესო პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებსა და დებატებს დაესწრნენ. განსაკუთრებით დიდი ინტერესი და აქტიური განხილვა გამოიწვია სექციამ, რომელიც ახალგაზრდების ენერგიის პოლიტიკურ ჩართულობად გარდაქმნას ეძღვნებოდა.
Global Political Challenges-ის მიზანია, გლობალური პოლიტიკით დაინტერესებული სტუდენტებისათვის შექმნას პლატფორმა დღევანდელი სამყაროსთვის აქტუალურ თემებზე დისკუსიისათვის და ხელი შეუწყოს სტუდენტების მონაწილეობას სამოქალაქო ცხოვრებაში.