ბრიტანულ-ქართული აკადემიისათვის აპრილი საკმაოდ დატვირთული თვე იყო: საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ მოსწავლეები სასწავლო პროცესს ახალი შემართებით დაუბრუნდნენ, ჩვენი აკადემია ისევ აახმიანეს და ხალისით ჩაერთნენ სასკოლო ცხოვრებაში. ამ თვის განმავლობაში ჩვენმა მოსწავლეებმა თავი მრავალი კუთხით წარმოაჩინეს.
მოდით, თვალი გადავავლოთ, როგორი იყო აპრილი.
ამ თვეში ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ საუნივერსიტეტო გამოფენას და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაედგათ სასურველი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის შერჩევის გზაზე. ქართული ენის კვირეულის ფარგლებში ქართული ენის დეპარტამენტმა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება მოაწყო. ამ თვეში აუტიზმის შესახებაც ვისაუბრეთ — ამ თემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ღონისძიება მიეძღვნა. ეს პერიოდი დატვირთული იყო გამოცდების თვალსაზრისითაც: მე-10 კლასის მოსწავლეებს ზეპირი გამოცდა ჰქონდათ ინგლისურ ენაში, ხოლო DP2-ის მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი ფინალურ გამოცდებს. გარდა ამისა, გაიმართა ლიტერატურულ კონკურს ,,ათინათის” ფინალური ეტაპი და აღინიშნა დედამიწის დღე.
საერთაშორისო განათლების მიღების შესაძლებლობა
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოფენა გაიმართა, სადაც მსოფლიოს 20 უნივერსიტეტი იყო წარმოდგენილი, მათ შორის: კემბრიჯის უნივერსიტეტი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კაუნასის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, პარიზის ამერიკული უნივერსიტეტი და სხვა. გამოფენაში მონაწილეობდნენ მიმღები კომისიების წარმომადგენლები და კონსულტანტები საერთაშორისო განათლების საკითხებში.
მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ პროგრამის, დაფინანსების მოპოვებისა და სააპლიკაციო პროცესის შესახებ.
როგორ უნდა აირჩიო სწორი ქვეყანა სასწავლებლად?
როგორ უნდა მოიძიო შესაფერისი უნივერსიტეტი ან პროგრამა?
სად და როგორ უნდა გააკეთო განაცხადი?