აკადემიური პროგრამები


ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლეებს მივცეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება. ჩვენ გვჯერა, რომ სწრაფად ცვლილებად, დინამიკურ სამყაროში შესაბამისი განათლება უმთავრესი ელემენტია წარმატების მიღწევის გზაზე. საგანგებოდ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, შეეჭიდონ მათი ასაკის შესაბამის აკადემიურ გამოწვევებს, განივითარონ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, წარმატებით გააგრძძელონ სწავლა ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ბრიტანულ-ქართული აკადემიის საგნობრივი სასწავლო გეგმები ითვალისწინებს და ამავდროულად აღემატება საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ამოცანებსა და მიზნებს. თითოეულ საფეხურზე მოსწავლეები დგებიან სწავლისა და ზრდის გამოწვევის წინაშე. აკადემიური გუნდის წევრები მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეებისთვის ხარისხიანი ცოდნის მიწოდებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევის განვითარებაზე თითოეულ დისციპლინაში. აკადემიის ყოველი თანამშრომლის პასუხისმგებლობაა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს მოსწავლეების ცოდნის, შესაძლებლობებისა და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების განვითარებას, რაც მოსწავლეებს დაეხმარება, წარმატებას მიაღწიონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში.

საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამები ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში

საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამა (IB) არის სასკოლო განათლების საერთაშორისო პროგრამა, რომელიც უმაღლესი ხარისხის გამოწვევებით სავსე საგანმანათლებლო კურიკულუმს სთავაზობს მოსწავლეებს.

IB პროგრამების მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეების კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას მრავალფეროვნების, საერთაშორისო აზროვნების, ცნობისმოყვარეობისა და ახალი აღმოჩენების მიმართ  სიყვარულის გაღვივებასთან ერთად.

IB პროგრამების კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ სწავლა საუკეთესო საერთაშორისო უნივერსიტეტებში გააგრძელონ და მოიპოვონ სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. IB-ის სადიპლომო პროგრამაზე მოპოვებული მაღალი შედეგები მოსწავლეებს მსოფლიოს არაერთ უნივერსიტეტსა და კოლეჯში მინიმუმ ერთწლიანი სასწავლო კრედიტის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. 

IB-ის დიპლომი აღიარებულია განათლების სამინისტროს მიერ, რაც მოსწავლეებს საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობასაც აძლევს.

Cambridge Primary (1-5 კლასები)

ბრიტანულ-ქართული აკადემიის დაწყებითი საფეხურის მრავლისმომცველი და ინტერაქტიული პროგრამა ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს, აერთიანებს კებრიჯის დაწყებითი საფეხურის კურიკულუმს (Cambridge Primary), დაწყებით საერთაშორისო კურიკულუმსა (IPC) და ქართულ ეროვნულ სასწავლო გეგმას. დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებში წიგნიერების განვითარების საკითხი, ამდენად, მართული კითხვა და კრეატიული წიგნიერება საგანმანათლებლო პროგრამის განუყოფელი ნაწილია. დაწყებითი საფეხურის მათემატიკის სასწავლო პროგრამა მოსწავლეებს მათემატიკის მყარ საბაზისო ცოდნას აძლევს, უღვივებს ინტერესსა და დადებით განწყობას მათემატიკის საგნის მიმართ და უვითარებს მათემატიკური აზროვნების, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს. 

დაწყებითი საფეხურის კემბრიჯის ინგლისური ენის კურიკულუმი ხელს უწყობს მოსწავლეებს განივითარონ ინგლისურ ენაზე კითხვის, წერის, საუბრისა და მოსმენის უნარები და ისინი თავდაჯერებულად და ეფექტიანად გამოიყენონ სხვადასხვა ფორმის კომუნიკაციისთვის.

მესამე უცხოური ენები, მათ შორის რუსული, გერმანული და ფრანგული, სასწავლო პროგრამას მეოთხე კლასიდან ემატება და მეთორმეტე კლასის ჩათვლით ისწავლება. 

დაწყებითი საფეხურის საერთაშორისო კურიკულუმის თემატური ერთეულები მეცნიერებების, ისტორიის, გეოგრაფიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნებისა და სპორტის საგნების ინტეგრირების მრავალფეროვან შესაძლებლობას იძლევა და მოსწავლეებს სხვადასხვა დისციპლინის ერთმანეთთან დაკავშირების და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

Cambridge Lower Secondary (6-8 კლასები)

ბრიტანულ-ქართული აკადემიის საბაზო პროგრამა ეფუძნება Cambridge Lower Secondary-ის საერთაშორისო კურიკულუმს, რომელიც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას განსაკუთრებულად განივითარონ ცოდნა და უნარები მათემატიკაში, სოციალურ, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერულ მეცნიერებებში. საგანგებო ყურადღება ექცევა ინგლისურის, როგორც მეორე ენის შესწავლას.

Cambridge Lower Secondary - Cambridge Primary-ის იდეალური გაგრძელებაა და მას მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყნის თითქმის 2300 სკოლა იყენებს.

ბრიტანულ-ქართული აკადემიის საბაზო საფეხურის პროგრამა გვთავაზობს ბუნებრივ პროგრესიას დაწყებითი საფეხურიდან და მოსწავლეს აძლევს სწორედ იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც საჭიროა შემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების ასათვისებლად. კურიკულუმი მოქნილია, რაც საშუალებას იძლევა, სასწავლო გეგმა მოერგოს ქართულ რეალობასა და კულტურას, მაგრამ ამასთანავე, შეინარჩუნოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტი. 

საბაზო საფეხურის პროგრამის მიმდინარეობისას, მოსწავლეების ცოდნა და განვითარება მოწმდება Cambridge Lower Secondary-ის შეფასების მეთოდოლოგიით. მოსწავლის აკადემიური პროგრესის შეფასება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს ეფუძნება.

Cambridge Upper Secondary (8-10 კლასები)

ბრიტანულ-ქართული აკადემიის საშუალო საფეხურზე სწავლება სრულად ინგლისურია და Cambridge Upper Secondary-ის კურიკულუმს ეფუძნება. ეს პროგრამა იდეალურია მრავალფეროვანი ინტერესებისა და შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო განათლების მიღების სურვილი აქვთ.

ბრიტანულ-ქართული აკადემიის საშუალო საფეხურის პროგრამა განკუთვნილია შრომისმოყვარე, მიზანდასახული მოსწავლეებისათვის და ამზადებს მათ დამამთავრებელ საფეხურზე საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა IBDP-სთვის.

Cambridge Upper Secondary-ის დაბალანსებული კურიკულუმი ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწვალეებს განათლების დამამთავრებელ საფეხურზე საგნების არჩევანის ინფორმირებულად გაკეთების საშუალებას აძლევს.

კურსის ბოლოს, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, გავიდნენ კემბრიჯის IGCSE-ის გარე გამოცდებზე. გამოცდებზე მიღებული მაღალი შედეგები ზრდის სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრისა და დაფინანსების მიღების შანსებს.

საშუალო საფეხურის სადიპლომო (DP) პროგრამა (11-12 კლასები)

საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა ორწლიანი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც მოსწავლეებს საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის ამზადებს. პროგრამა მოსწავლეებს დამოუკიდებლად აზროვნების, პრობლემების კრეატიული გზებით გადაჭრისა და სწრაფად ცვალებად გლობალურ სამყაროში წარმატებით ადაპტაციის უნარებს უვითარებს. ჰოლისტური განვითარების მიდგომით, მოსწავლეები მათ გარშემო არსებულ სამყაროს კვლევისა და  კრიტიკული ანალიზის გზით შეისწავლიან.

საგნობრივი ჯგუფების მრავალფეროვანი შემოთავაზებიდან მოსწავლე, საკუთარი ინტერესებისა და სამომავლო პროფესიის შესაბამისად, სადიპლომო პროგრამის კოორდინატორთან და საუნივერსიტეტო მრჩეველთან ერთად ირჩევს საგნებს, რომლებსაც ორი წლის განმავლობაში სწავლობს. მეთორმეტე კლასში, საერთაშორის ბაკალავრიატის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გარე გამოცდების წარმატებით გადალახვის შემდეგ, მოსწავლე იღებს საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს. 

საგნობრივი ჯგუფების გარდა, პროგრამა მოიცავს  სამ სავალდებულო საგანს, რომელთა წარმატებით გადალახვაც ასევე გახლავთ დიპლომის აღების წინაპირობა:

  1. Theory of Knowledge ანუ ცოდნის თეორიის საგნის ფარგლებში მოსწავლეები ცოდნის ფენომენს შეისწავლიან და აანალიზებენ, თუ საიდან ვიცით ის, რაც ვიცით და როგორ უკავშირდება თითოეული დისციპლინის ფარგლებში მიღებული ცოდნა ერთმანეთსა და რეალურ სამყაროს. 

  2. Extended Essay - ამ საგნის ფარგლებში მოსწავლეები ქმნიან კვლევით ნაშრომს, რომელიც მოსწავლეებს უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ამზადებს დამოუკიდებელი მუშაობისათვის. 

  3. Creativity, Activity, Services-ის საგნის ფარგლებში მოსწავლეები ერთვებიან მრავალფეროვან სავალდებულო კლასგარეშე აქტივობებში, მათ შორის, თავად აორგანიზებენ თემის განვითარებაზე მიმართულ პროექტებს, საქველმოქმედო და კრეატიულ ღონისძიებს.

დამატებითი ინფორმაცია საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.ibo.org/programmes/

10-12 კლასების ქართული პროგრამა

9-12 კლასების ქართული პროგრამა ეფუძნება საერთაშორისო სწავლა-სწავლების პრინციპებს და ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს. პროგრამის მიზანია მოსწავლეების არამხოლოდ აკადემიური განვითარების ხელშეწყობა, არამედ მათი სოციალური, ემოციური და ფიზიკური განვითარებაც და მათი ჩამოყალიბება პასუხისმგებლობის მქონე, მზრუნველ ინდივიდებად.

ქართული პროგრამის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული მრავალფეროვან კლასგარეშე აქტივობებში, მათ შორის ორგანიზებას უწევენ და მონაწილეობენ სპორტულ, სახელოვნებო, საქველმოქმედო და ადგილობრივი თემის განვითარებაზე მიმართულ აქტივობებში.

ქართული პროგრამის სწავლების ენა არის ქართული.

საშუალო საფეხურის ქართული პროგრამის დასრულების შემდგომ მოსწავლეები მიიღებენ სრული ზოგადი განათლების ქართულ ატესტატს. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ საგნების გაძლიერებულ სწავლებაზე, რომელთა ჩაბარება მოსწავლეებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში უწევთ.

საშუალო საფეხურის ქართული პროგრამის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით.