აკადემიური პროგრამები

დისტანციური სწავლება

Pre, I-XII კლასები

მსოფლიოში Covid 19-ით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020 წლის 4 მარტიდან ბრიტანულ-ქართულ აკადმიაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში  მიმდინარეობს. სკოლის ადმინისტრაციას, მმართველ გუნდსა და მასწავლებლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან როგორც აკადემიურ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე მათი პირადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. 

აკადემიის ვირტუალურ საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა ონლაინ რესურსის დახმარებით ჩვენი აკადემიის საკლასო ოთახებიდან ვირტუალურ გაკვეთილებზე გადავინაცვლეთ. 

 ბრიტანულ-ქართული აკადემიის დისტანციური სწავლების სისტემის მთავარი ამოცანაა სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდეს და შესრულდეს სასწავლო წლის განმავლობაში დასახული მიზნები. აღნიშნული ამოცანის მიღწევას დისტანციური სწავლების პროცესში სამი მეთოდის ინტეგრაციის უზრუნველვყოფთ: 

1. წინასწარ ჩაწერილი გაკვეთილები

ვიდეოგაკვეთილების ჩასაწერად ვიყენებთ Loom-ის პლატფორმას. მათი მიზანია ახალი მასალის ახსნა და მოსწავლეებისათვის დავალებებისა და მათზე უკუკავშირის მიცემის პროცესის „ცოცხალი“ გაკვეთილის მსგავს რეჟიმში წარმართვა. ვიდეოში მასწავლებელი ინსტრუქციებს აძლევს მოსწავლეებს, თუ როდის შეაჩერონ გაკვეთილის ყურება და დაიწყონ დავალების შესრულება. ჯამში, ვიდეოგაკვეთილისა და მასთან ინტეგრირებული დავალებების შესრულებას, საშუალოდ, 40 წუთი სჭირდება. თუმცა, ვიდეოგაკვეთილები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს საკუთარი ინდივიდუალური ტემპით იმუშავონ. 

2. დამატებითი აქტივობები

დამატებითი აქტივობები მოსწავლეებს ვიდეოგაკვეთილების საშუალებით მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას აძლევს. მათი მიზანი ახალი ცოდნის შეჯამება და შესწავლილი მასალის სიღრმისეულად გამოკვლევაა. დამატებითი აქტივობები შედარებით ვრცელია და მათ შესასრულებლად მოსწავლეებს ერთი კვირის ვადა ეძლევათ. აქტივობები შეიძლება მოიცავდეს  საკითხავ მასალას, პროექტული ტიპის დავალებებს გავლილი თემის შესაჯამებლად. დამატებითი დავალებების საშუალებით მასწავლებლებს შეუძლიათ შეაფასონ მოსწავლეების მიერ მასალის ათვისების ხარისხი, პროგრესი, ინდივიდუალური საჭიროებები და შეაგროვონ მონაცემები მომდევნო სასწავლო წლისათვის.

3. ცოცხალ რეჟიმში წარმართული გაკვეთილები

ცოცხალ რეჟიმში წარმართული გაკვეთილების ჩასატარებლად ვიყენებთ Zoom-ის პლატფორმას. ეს  გაკვეთილები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, დასვან შეკითხვები და დამატებითი განმარტებები მიიღონ მასწავლებლებისგან წინა კვირას ვიდეოგაკვეთილების საშუალებით ახსნილი ახალი მასალისა და დამატებითი აქტივობების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ცხრილში გაკვეთილებისათვის 40 წუთია გამოყოფილი, გაკვეთილების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მოსწავლეთა ასაკზე, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და მათი ინტერაქციის ხარისხზე. 

ყველა საგანში, ყველა კლასისათვის (I-XII კლასები) გახსნილია Google-ის საკლასო ოთახები, სადაც მოსწავლეებს წინასწარ ჩაწერილ ვიდეოგაკვეთილებთან და დამატებით აქტივობებთან აქვთ წვდომა. თითეული საგნის Google-ის საკლასო ოთახში თავმოყრილია მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები და ამ დავალებებზე მასწავლებლების უკუკავშირი. Google-ის საკლასო ოთახებში მოსწავლეებს შეუძლიათ საერთო სივრცეში წარმართონ დისკუსიები ან ინდივიდუალურად მიმართონ მასწავლებლებს. 

წინასწარ ჩაწერილი გაკვეთილების, ცოცხალ რეჯიმში წარმართული სესიებისა და დამატებითი აქტივობების ყოველკვირეული ოდენობა დაახლოებით იგივეა, რაც საკლასო ოთახებში წარმართული საგაკვეთილო პროცესისას იქნებოდა (მაგ. თუ მოსწავლეს ყოველკვირეულად ქართულ ენასა და ლიტერატურაში 5 გაკვეთილი აქვს, დისტანციური სწავლების რეჟიმში მას მიეწოდება 3 წინასწარ ჩაწერილი გაკვეთილი ახალი მასალის გასაცნობად, 1 ცოცხალ რეჟიმში წარმართული გაკვეთილი განვლილი მასალის გადასახედად და კითხვების დასასმელად და 1 დამატებითი აქტივობა.

ბრიტანულ-ქართული აკადემიის დისტანციური სწავლების სისტემის საილუსტრაციოდ იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი

                                     

                                                             ბრიტანულ-ქართული აკადემიის დისტანციური სწავლების მოდელი