საშუალო სკოლა (11-12 კლასები)
მეთერთმეტე კლასიდან მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა ან ქართული ეროვნული სასწავლო პროგრამით გააგრძელონ, ან IB დიპლომის პროგრამა აირჩიონ.
IB Diploma Programme
საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა ორწლიანი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც მოსწავლეებს საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის ამზადებს. პროგრამა მოსწავლეებს დამოუკიდებლად აზროვნების, პრობლემების კრეატიული გზებით გადაჭრისა და სწრაფად ცვალებად გლობალურ სამყაროში წარმატებით ადაპტაციის უნარებს უვითარებს. ჰოლისტური განვითარების მიდგომით, მოსწავლეები მათ გარშემო არსებულ სამყაროს კვლევისა და კრიტიკული ანალიზის გზით შეისწავლიან.
საგნობრივი ჯგუფების მრავალფეროვანი შემოთავაზებიდან მოსწავლე, საკუთარი ინტერესებისა და სამომავლო პროფესიის შესაბამისად, სადიპლომო პროგრამის კოორდინატორთან და საუნივერსიტეტო მრჩეველთან ერთად ირჩევს საგნებს, რომლებსაც ორი წლის განმავლობაში სწავლობს. მეთორმეტე კლასში, საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გარე გამოცდების წარმატებით გადალახვის შემდეგ, მოსწავლე იღებს საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს.
სადიპლომო პროგრამა მოიცავს ექვს საგნობრივ ჯგუფს, მათ შორის:
- ენა და ლიტერატურა
- უცხოური ენები
- საზოგადოებრივი მეცნიერებები
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
- მათემატიკა
- ხელოვნება
საგნობრივი ჯგუფების გარდა, პროგრამა მოიცავს სამ სავალდებულო საგანს, რომელთა წარმატებით გადალახვაც ასევე გახლავთ დიპლომის აღების წინაპირობა:
- Theory of Knowledge, ანუ ცოდნის თეორიის საგნის ფარგლებში მოსწავლეები ცოდნის ფენომენს შეისწავლიან და აანალიზებენ, თუ საიდან ვიცით ის, რაც ვიცით და როგორ უკავშირდება თითოეული დისციპლინის ფარგლებში მიღებული ცოდნა ერთმანეთსა და რეალურ სამყაროს.
- Extended Essay – ამ საგნის ფარგლებში მოსწავლეები ქმნიან კვლევით ნაშრომს, რომელიც მოსწავლეებს უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ამზადებს დამოუკიდებელი მუშაობისათვის.
- Creativity, Activity, Services-ის საგნის ფარგლებში მოსწავლეები ერთვებიან მრავალფეროვან სავალდებულო კლასგარეშე აქტივობებში, მათ შორის, თავად აორგანიზებენ თემის განვითარებაზე მიმართულ პროექტებს, საქველმოქმედო და კრეატიულ ღონისძიებებს.
IB პროგრამები საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში წამყვან პოზიციას იკავებს და მოსწავლეებს არამხოლოდ ბრიტანეთის, არამედ ნებისმიერი სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში ჩაბარების შესაძლებლობას აძლევს. მოსწავლეები, რომლებიც DP-ის პროგრამაში მაღალ შედეგებს იღებენ, სწავლას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში აგრძელებენ. DP-ის პროგრამა ქართულ ატესტატს უთანაბრდება, რაც მოსწავლეებს ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების უფლებასაც აძლევს. DP-ის გამოცდებზე მოპოვებული მაღალი შედეგები მოსწავლეებს საუნივერსიტეტო სტიპენდიებისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში მინიმუმ ერთწლიანი სასწავლო კრედიტის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.
IB პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.ibo.org/programmes/
დიპლომის პროგრამის ზოგადი რეგულაციები/ DP programme general regulations
ქართული პროგრამა
11-12 კლასების ქართული პროგრამა ეფუძნება საერთაშორისო სწავლა-სწავლების პრინციპებს და ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს. პროგრამის მიზანია მოსწავლეების არამხოლოდ აკადემიური განვითარების ხელშეწყობა, არამედ, სოციალური, ემოციური და ფიზიკური განვითარებაც და მათი ჩამოყალიბება პასუხისმგებლობის მქონე, მზრუნველ ინდივიდებად.
ქართული პროგრამის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი მრავალფეროვან კლასგარეშე აქტივობებში, მათ შორის, ორგანიზებას უწევენ და მონაწილეობენ სპორტულ, სახელოვნებო, საქველმოქმედო და ადგილობრივი თემის განვითარებაზე მიმართულ ღონისძიებებში.
ქართული პროგრამის სწავლების ენა არის ქართული.
საშუალო საფეხურის ქართული პროგრამის დასრულების შემდგომ მოსწავლეები მიიღებენ სრული ზოგადი განათლების ქართულ ატესტატს. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ საგნების გაძლიერებულ სწავლებაზე, რომელთა ჩაბარება მოსწავლეებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში უწევთ.
საშუალო საფეხურის ქართული პროგრამის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოსა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სრული, ან ნაწილობრივი დაფინანსებით.