დაწყებითი სკოლა (0-5 კლასები)
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დაწყებითი საფეხურის მრავლისმომცველი და ინტერაქტიური პროგრამა ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს, აერთიანებს კემბრიჯის დაწყებითი საფეხურის კურიკულუმს (Cambridge Primary), დაწყებით საერთაშორისო კურიკულუმსა (IPC) და ქართულ ეროვნულ სასწავლო გეგმას. დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებში წიგნიერების განვითარების საკითხი, ამდენად, მართული კითხვა და კრეატიული წიგნიერება საგანმანათლებლო პროგრამის განუყოფელი ნაწილია.
დაწყებითი საფეხურის მათემატიკის სასწავლო პროგრამა მოსწავლეებს მათემატიკის მყარ საბაზისო ცოდნას აძლევს, უღვივებს ინტერესსა და დადებით განწყობას მათემატიკის საგნის მიმართ და უვითარებს მათემატიკური აზროვნების, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს.
დაწყებითი საფეხურის კემბრიჯის ინგლისური ენის კურიკულუმი ხელს უწყობს მოსწავლეებს განივითარონ ინგლისურ ენაზე კითხვის, წერის, საუბრისა და მოსმენის უნარები, რათა ისინი თავდაჯერებულად და ეფექტიანად გამოიყენონ სხვადასხვა ფორმის კომუნიკაციისთვის.
მესამე უცხოური ენები, მათ შორის რუსული, გერმანული და ფრანგული, სასწავლო პროგრამას მეოთხე კლასიდან ემატება და მეთორმეტე კლასის ჩათვლით ისწავლება. დაწყებითი საფეხურის საერთაშორისო კურიკულუმის თემატური ერთეულები მეცნიერებების, ისტორიის, გეოგრაფიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ხელოვნებისა და სპორტის საგნების ინტეგრირების მრავალფეროვან შესაძლებლობას იძლევა და მოსწავლეებს სხვადასხვა დისციპლინის ერთმანეთთან დაკავშირებისა და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.