ზოგადი ინფორმაცია
ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლეებს მივცეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება. ჩვენ გვჯერა, რომ სწრაფად ცვლილებად, დინამიკურ სამყაროში შესაბამისი განათლება უმთავრესი ელემენტია წარმატების მიღწევის გზაზე. საგანგებოდ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, შეეჭიდონ მათი ასაკის შესაბამის აკადემიურ გამოწვევებს, განივითარონ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, წარმატებით გააგრძძელონ სწავლა ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის საგნობრივი სასწავლო გეგმები ითვალისწინებს და ამავდროულად აღემატება საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ამოცანებსა და მიზნებს. თითოეულ საფეხურზე მოსწავლეები დგებიან სწავლისა და ზრდის გამოწვევის წინაშე. აკადემიური გუნდის წევრები მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეებისთვის ხარისხიანი ცოდნის მიწოდებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევის განვითარებაზე თითოეულ დისციპლინაში. აკადემიის ყოველი თანამშრომლის პასუხისმგებლობაა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს მოსწავლეების ცოდნის, შესაძლებლობებისა და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების განვითარებას, რაც მოსწავლეებს დაეხმარება, წარმატებას მიაღწიონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში.
ბრიტანულ-ქართული აკადემია ახორციელებს შემდეგ პროგრამებს: საერთაშორისო პროგრამა (1-12 კლასები) და ქართული პროგრამა (11-12 კლასები). შესაბამისად, მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს 11-12 კლასებში აირჩიოს საერთაშორისო, ან ქართული პროგრამა. აკადემიის სასწავლო პროგრამები ხელს უწყობს მოსწავლეების არა მხოლოდ ინტელექტუალურ და აკადემიურ პროგრესს, არამედ ჰოლისტურ განვითარებასა და მათ ჩამოყალიბებას პასუხისმგებლობის მქონე, მზრუნველ ინდივიდებად.
საერთაშორისო პროგრამა
მოსწავლეების ჰოლისტური განვითარებისა და საუკეთესო აკადემიური შედეგების მიღწევის მიზნით ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებული ორი საერთაშორისო პროგრამა: კემბრიჯის კურიკულუმი და საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამა აირჩია. კემბრიჯის პროგრამებს ახორციელებს 10,000-ზე მეტი სკოლა 160-ზე მეტ ქვეყანაში. ხოლო IB სადიპლომო პროგრამა ისწავლება 157 ქვეყნის 3421 სკოლაში. ამ ორი პროგრამის სიღრმისეული კურიკულუმი და სწავლა-სწავლებისადმი მიდგომები იდეალურ კომბინაციას ქმნის და საუკეთესოდ ამზადებს მოსწავლეებს უმაღლესი განათლებისათვის.
საერთაშორისო განათლების უპირატესობა და სწავლების ენა
საერთაშორისო პროგრამაზე სწავლების ენა გახლავთ ბილინგვური, რაც სწავლების პროცესში ორი ძირითადი ენის – ქართულისა და ინგლისურის სისტემატურ და თანმიმდევრულ გამოყენებას გულისხმობს. საგნების გარკვეული ნაწილი ქართულად, ხოლო ნაწილი – ინგლისურ ენაზე ისწავლება. საერთაშორისო განათლების მქონე მოსწავლეებს შეუძლიათ თანაბარი წარმატებით გამოიყენონ ორივე ენა სხვებთან ინტერაქციის, სკოლის დამთავრების შემდგომ სწავლის საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სწავლისა და მუშაობის გაგრძელებისათვის. საერთაშორისო განათლება ხელს უწყობს მოსწავლეების არამარტო ენობრივი კომპეტენციებისა და ვერბალური ინტელექტის განვითარებას, არამედ საერთაშორისო ცნობიერების ამაღლებასა და განსხვავებული კულტურისა და შეხედულებების გაცნობასა და დაფასებას.