აკადემიური პროგრამები

საშუალო სკოლა

XI-XII კლასები

მეთერთმეტე კლასიდან მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა ან ქართული ეროვნული სასწავლო პროგრამით გააგრძელონ, ან IB დიპლომის პროგრამა აირჩიონ. 

საშუალო საფეხურის ქართული პროგრამა ორენოვანია (ინგლისური და ქართული) და ეფუძნება საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმას, ამასთანავე, აკადემია დამოუკიდებლად განსაზღვრავს სწავლების სპეციფიკას, მეთოდოლოგიასა და სტრატეგიას. საშუალო საფეხურის ქართული პროგრამის დასრულების შემდგომ მოსწავლეები მიიღებენ სრული ზოგადი განათლების ქართულ ატესტატს. ჩვენი აკადემიური გუნდი ზრუნავს მოსწავლეების როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, სამეცნიერო ინტერესის გაღვივებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე. სწავლების პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ სამუშაოებს, რაც მოსწავლეების თეორიული ცოდნის რეალიზებას უწყობს ხელს. აკადემიური კომპეტენციის განვითარებასთან ერთად, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში დამოუკიდებლობის, პროდუქტიულობისა და თავდაჯერებულობის განვითარებას. ბრიტანულ-ქართულ აკადემიის საშუალო საფეხურის ქართული პროგრამა მოსწავლეებს უვითარებს ყველა იმ უნარ-ჩვევას, რომელიც მათ ამზადებს ქართული და საერთაშორისო უნივერსიტეტებისათვის.  

საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამა ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს. პროგრამა მოსწავლეებს დამოუკიდებლად აზროვნების, პრობლემების კრეატიული გზებით გადაჭრისა და სწრაფად ცვალებად გლობალურ სამყაროში წარმატებულად ადაპტაციის უნარებს უვითარებს. ჰოლისტური განვითარების მიდგომის საშუალებით მოსწავლეები მათ გარშემო არსებულ სამყაროს კვლევისა და  კრიტიკული ანალიზის გზით შეისწავლიან.

სადიპლომო პროგრამა მოიცავს ექვს საგნობრივ ჯგუფს, მათ შორის:
  • ენა და ლიტერატურა
  • უცხოური ენები
  • საზოგადოებრივი მეცნიერებები
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  • მათემატიკა
  • ხელოვნება

და სამ ცენტრალურ საგანს:

  • Theory of Knowledge (TOK)
  • Creativity, Activity, Service (CAS)
  • Extended Essay

TOK ანუ ცოდნის თეორიის საგნის ფარგლებში მოსწავლეები ცოდნის ფენომენს შეისწავლიან და აანალიზებენ, თუ საიდან ვიცით, ის, რაც ვიცით. Extended Essay - ის საგანი მოსწავლეებს უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ამზადებს დამოუკიდებლად მუშაობისათვის კვლევითი ნაშრომის შექმნის გზით. CAS-ის საგნის ფარგლებში მოსწავლეები ერთვებიან მრავალფეროვან კლასგარეშე აქტივობებში, მათ შორის სათემო განვითარების საქმიანობისა და ფიზიკური განვითარების მიმართულებით.

IB პროგრამები საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში წამყვან პოზიციას იკავებს და მოსწავლეებს არამხოლოდ ბრიტანეთის, არამედ ნებისმიერი სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში ჩაბარების შესაძლებლობას აძლევს. მოსწავლეები, რომლებიც DP-ის პროგრამაში მაღალ შედეგებს იღებენ, სწავლას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში აგრძელებენ. DP-ის პროგრამა  ქართულ ატესტატს უთანაბრდება, რაც მოსწავლეებს ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების უფლებასაც აძლევს. DP-ის გამოცდებზე მოპოვებული მაღალი შედეგები მოსწავლეებს საუნივერსიტეტო სტიპენდიებისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში მინიმუმ ერთწლიანი სასწავლო კრედიტის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. 

IB პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.ibo.org/programmes/

დიპლომის პროგრამის ზოგადი რეგულაციები/ DP programme general regulations